„იქ მთავარი ის იყო, რომ მორჩილი ყოფილიყავი. ყველა რესპუბლიკიდან თავიანთ პატიმრებთან ჩამოდიოდნენ ადგილობრივი უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები და რაღაც სისულელეებს ელაპარაკებოდნენ [გამოსწორების მიზნით]. რა მნიშვნელობა აქვს, თუ ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობ, თავისუფალი ხარ თუ ციხეში ხარ, ორივეგან უნდა იმუშაო. იქაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდა და იყვნენ ადამიანები ვინც მონაწილეობდნენ. აქციებში იმას ვგულისხმობ, რომ მაგალითად 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს ჩვენ შიმშილობას ვაცხადებდით. სხვათა შორის, იმ დღეს კარგი საჭმელი მოდიოდა და ეს ფიქსირდებოდა. ზოგი პატიმარი ჭამდა და ამ აქციას არ უერთდებოდა, დანარჩენები ვშიმშილობდით. იყო სხვა აქციებიც, თუ ერთს დასჯიდნენ და საჯარიმო იზოლატორში სვამდნენ, დანარჩენები შიმშილობას აცხადებდნენ. იმას ვგულისხმობ, რომ ბანაკშიც იყო ხალხი, რომელიც თვლიდა, რომ მან საკმარისად იმუშავა და იყო ხალხი, რომელიც პროტესტს იქაც აგრძელებდა“.
„კანონით, თუ დასჯილი არ იყავით და ბანაკში გაგზავნილი, შეგეძლოთ თვეში ორი წერილი გაგეგზავნათ. მაგრამ ესეც შეზღუდული იყო და ეხებოდა მხოლოდ დედას, მამას, შვილს დას და ძმას. წერილი ძალიან დიდ ხანს მიდიოდა, ამიტომ მე ასეთი გამოსავალი ვნახე, ღია ბარათებზე ვწერდი მხოლოდ ორ სიტყვას, „ცოცხალი ვარ“, „გამარჯობათ“, ან რაღაცას ვულოცავდი და ვაგზავნიდი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ამ წერილების მისვლას 4-5 თვე სჭირდებოდა, სექტემბერში გავაგზავნე ახალი წლის მისალოცი წერილი. შემდეგ მირჩიეს, რომ რუსულად დამეწერა და უფრო მალე მივიდოდა, მაგრამ არ დავწერე, რადგან ესეც ტყუილი იყო. [უნდა შეემოწმებინათ], ამიტომ ღია ბარათებზე ვწერდი“.
„ადვოკატი ბოლოს ვნახე, როცა საქმე დამთავრდა, დაახლოებით თებერვლის დასაწყისში. ჩვენი სასამართლო 14 თებერვალს დაიწყო. ადვოკატი სულ ორჯერ ვნახე. ერთი კომიკური სიტუაცია იყო. მე და ჯონი ლაშქარაშვილი ცალ-ცალკე ვიყავით, მაგრამ, როცა გაგვაცნეს, რომ ადვოკატი უნდა მოსულიყო, ერთად შეგვყარეს. ორივეს ადვოკატები იყვნენ და საერთოდ არ იყვნენ საქმის კურსში. იქვე ჩვენს თვალწინ როცა დაიწყეს საქმის კითხვა, ჯონის ადვოკატმა თქვა, ამათ სასამართლო რად უნდათ, ადგილზე უნდა დაიხვრიტონო. სერიოზულად თქვა... ხანში შესული კაცი იყო, მაშინ ადვოკატობა პრესტიჟული არ იყო და ეს ადამიანები უკვე პენსიაზე გასული მოსამართლეები და პროკურორები იყვნენ, ამ კაცს კი სტალინის პერიოდი ჰქონდა გამოვლილი და გულწრფელად აღშფოთდა, ესენი აქვე უნდა დაიხვრიტონო. ჩვენ ტაში დავუკარით...“
„საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია უკვე შექმნილი იყო და მე ჩემი ერთი ნაცნობის მეშვეობით მოვხვდი. ამდენად ახლობელი არ იყო ჩემი, მაგრამ ბოლოს ძალიან დამიახლოვდა. როგორც შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ ასეთი წესი გვქონდა - თუ მივცემდით რეკომენდაციას რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო, უნდა გამოგვეცადა ყველა სიტუაციაში, მათ შორის სიმთვრალეში და თუ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, ამ შემთხვევაში ვთავაზობდით. თუ ადამიანი უარს იტყოდა, ვეუბნებოდით, რომ ხუმრობით, გამოსაცდელად ვუთხარით. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა: შემდგომში ჩემმა უფროსმა მეგობარმა ხშირი კონტაქტი დაიწყო ჩემთან, ჩემი აზრები მოსწონდა. შემდეგ მართლაც დამპატიჟა დასალევად რამდენიმეჯერ. თავიდან გამიკვირდა, წიგნი უნდა ეჩვენებინა და უცებ ღვინო შემომთავაზა, რაც ცოტა შეუსაბამო იყო, თუმცა ასეთი წესი იყო. სწორედ ასე აღმოვჩნდი ამ ორგანიზაციაში“
ტარიელ ღვინიაშვილი დაიბადა 1960 წლის 22 სექტემბერს საქართველოში, თბილისში. 1980-იან წლებში ტარიელი ანტისაბჭოთა იატაკქვეშა მოძრაობას შეუერთდა, რის გამოც დააპატიმრეს და ურალის მთებში მდებარე ციხეში არაერთი წლის გატარება მოუწია.
სწავლობდა თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. თავად აღარ ახსოვს, თუმცა მასწავლებლები იხსენებდნენ, რომ არსებული რეალობის მიმართ კრიტიკით ბავშვობიდან გამოირჩეოდა.
ანდროპოვის მმართველობის პერიოდში ტარიელი იატაკქვეშა აქტივობაში უკვე ჩართული იყო. იატაკქვეშა შეკრებები მალე გადაიზარდა ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებაში. საბოლოოდ, ერთ-ერთმა ახალმა წევრმა ორგანიზაცია დაასმინა და მისი 40 წევრი, მათ შორის ტარიელ ღვინიაშვილი, ციხეში აღმოჩნდა.
ტარიელის დაპატიმრება ოჯახისთვის მძიმე დარტყმა იყო. მამამისმა, ნიკო ღვინიაშვილმა, ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი გადაიტანა, ჯანმრთელობა გაუუარესდა და შვილის ციხიდან გამოსვლიდან მალევე გარდაიცვალა. ტარიელმა დისიდენტური აქტივობა მალევე განაახლა და „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ შეუერთდა, რომელთან ერთადაც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა - კერძოდ, მან ლიეტუვაში დაბეჭდა ანტისაბჭოთა გაზეთი „ივერია“ და საქართველოში ჩამოიტანა.
საქართველოს გათავისუფლების შემდეგ ტარიელ ღვინიაშვილმა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან“ ერთად მუშაობა გააგრძელა. 1994 წლიდან თანამშრომლობდა „მემორიალთანაც“. საქართველოს სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლა კი მისთვის ირონიული მოვლენა იყო, რადგან ეს უკანასკნელი დისიდენტების წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.