Tsiala Mikava

* 1939

  • ჩავედით პახტარალში. იქ დაგვახვედრეს კიდევ სატვირთო მანქანები. დაგვსვეს ორ-ორი თუ თითო ოჯახი, როგორც ვეტეოდით და წამოგვიყვანეს სამხრეთით, კიროვის რაიონში, მეურნეობაში. ჩავგვასახლეს ბავშვა ბაგა-ბაღში. ეს ბაგა-ბაღი დიდი იყო, უზარმაზარი, ორსართულიანი იყო, მგონი და იქ ყველა ერთად, თავისი ნივთებით, იქ მოვთავსდით, რამოდენიმე ოჯახი. რამდენი ვიქნებოდით არ ვიცი, მაგრამ ბევრი ვიყავით იქ. დედაჩემს გამთბარი ეგონა ფეჩი რომ იდგა და მოეხვია ამას, ექვსი თვის ორსული ქალი იყო, ეგონა გათბებოდა, მაგრამ ის ცივი ფეჩი იყო. იმ დღესვე მამაჩემმა და მისმა მეგობარმა, ბაგრატი კვარაცხელიამ, რომელსაც პატარა ბავშვი მოჰყავდა ერთი თვის. დაიქირავეს ბინა, ერთი დიდი ოთახი და გადავედით იმ ერთ ოთახში. მაინც თბილი იატაკი იყო. აი აქ შევსახლდით.

  • მატარებელზე ეწერა თურმე, ქართველები მიდიან ყამირის ასათვისებლად ყაზახეთში, добровольцы эдут из грузии на целину. სინამდვილეში მერე სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ იქ მუშები ვითომ სამუშაოდ, მარა რომ ვერ ნახეს მერე პირობები და ეს ასეთი პროპაგანდა რომ იყო, ისევ გაბრუნდნენ. იმიტომ რომ პირობები არ იყო, წყალი არ იყო, ერთი არხი იყო გაყვანილი და იმ არხიდან ვსვამდით წყალს. სირდარიის წყალი იყო,ზამთარში იყინებოდა, სრიალებდნენ ყინულზე. ერთი ამოტეხილი იყო და იქიდან ვსვამდით წყალს. ზამთარში კრიალა იყო და ზაფხულში იყო სულ ქვიშა, არეული, სასწაული. ერთ ვედრო წყალს რომ დადგამდი, ნახევარი სილა დაისილებოდა და მერე ვსვამდით იმ წყალს.

  • იქ ვიყავით სტალინი რომ მოკვდა და ყველა ტიროდა, ყველა ნაციის, არც ერთი ადამიანი არ იყო მართლა რომ არ ტიროდა. ჩვენც ვტიროდით, რა საკვირველია.სტალინი მაინც გვიყვარდა, ხო გაგვასახლეს, მარა მაინც გვიყვარდა როგორც ბელადი. ვაგონში რომ ვიჯექით მატარებელში, ვმღეროდით სტალინზე და ბერიაზე სიმღერებს.

  • ასე ამბობდნენ, სტალინმა საქართველოდან იმიტომ გაასახლა ქართველები, რომ სხვა რესპუბლიკებიდან რომ გაესახლებინა, მაშინ ნაციონალისტობას დააბრალებდნენ და, პირველ რიგში, ქართველები გაასახლა. მერე ბელორუსიიდან ჩამოვიდნენ, ჩვენისთანები ჩამოიყვანეს, უკრაინიდანაც იყვნენ, მარა პირველი საქართველოდან იყო. აი, ეს იყო მიზეზი, რომ ასათვისებელი იყო იქ სინამდვილეში ყამირი და მიზეზად იყო ეს.

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 10.05.2013

    (audio)
    duration: 37:44
Full recordings are available only for logged users.

მიუხედავად იმ ისტორიებისა რაც თავს გადამხდა, თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ

ციალა ქმართან ერთად
ციალა ქმართან ერთად
photo: Provided by Tsiala herself

ციალა მიქავა 1939 წელს წალენჯიხის რაიონ სოფელ ქვედა მაზანდარაში დაიბადა. 1951 წელს ის ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს. 12 წლის მოსწავლემ სწავლა ყაზახეთში განაგრძო. სკოლაში მთავარი დაბრკოლება რუსული ენის არცოდნა იყო, თუმცა პირობებს მალე შეეგუა. არდადეგების დროს ციალა ბამბის მეურნეობაში მუშობდა და შესაბამის გასამრჯელოს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ერთად იყო, ციალა თავის სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 1954 წელს წელს 14 წლის ციალას 12 წლის და და 2 წლის ძმა ჩააბარეს და მატარებლით საქართველოში გამოუშვეს. თავის სოფელში დაბრუნებულმა გადაწყვიტა სწავლა დრანდაში, ისევ რუსულ სკოლაში გაეგრძელებინა. ამის შემდეგ რუსული ენა მან სპეციალობად აირჩია. 1990-იან წლებში ციალას მეორედ მოუწია თავისი სახლის იძულებით მიტოვება და აფხაზეთის ომის გამო ჯერ, ზუგდიდში, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა. 1994 წლიდან ის თავის ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს.