Guram Soselia გურამ სოსელია

* 1935

  • „ფოთშიც მომიწია სწავლა, ბათუმში მომიწია სწავლა. ასე მიწევდა ხოლმე, სადგან საშუალება არ გვქონდა, ბინა არ გვქონდა საერთოდ და სადაც დედაჩემი იწყებდა მუშაობას იქ მივყავდი მეც... პატარა ცემშიც ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა დედაჩემი. იქ იყო ბავშვთა პანსიონატი და იქ ძალიან ბევრი ჩემი ბედის ბავშვი იყო. მათ მშობლები არ ჰყავდათ, ზოგი მათგანის მშობლები დახვრეტილები იყვნენ, ზოგის გადასახლებული... ასეთი ბევრი ვიყავით ერთად, ერთი ბედის ადამიანები ბევრი ვიყავით, ამიტომ იქ ასეთი გრძნობები [გარიყულობის] აღარ მქონდა... შემდეგ კი კომკავშირში შევედი და 11 კვადრატული მეტრის ფართობის პატარა ოთახი როგორღაც ვიშოვეთ...“

  • „სტალინი რომ გარდაიცვალა, ამ პერიოდმა ძალიან გამაოცა. თითქოს ქვეყანა დაინგრა. ახლა Facebook-ზე რომ ვხედავთ ხოლმე კადრებს ჩრდილოეთ კორეიდან [კიმ ჩენ ირის გარდაცვალების გლოვის], ხალხი რომ თავს იკლავს, დაახლოებით ასე იყო მაშინაც. ეს სოციალისტური სისტემის თანდაყოლილი თვისებაა, ის ასეთ ადამიანს ქმნის. ბავშვებმა ყველამ განვიცადეთ, თუმცა როცა ვნახე, რომ დედაჩემსაც ცრემლი წამოუვიდა, ძალიან გამიკვირდა და როცა ვკითხე, რატომ ტიროდა, ბერია საშინლად გალანძღა, თქვა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო და სტალინი ასეთი ადამიანი არ იყო. ახლა ხომ ვხედავთ, ვისი ხელმოწერებიც არის დახვრეტის სიებზე? ბერიას ხელმოწერები არ არის, სტალინის ხელმოწერებია...“

  • „ჩემი პირველი აღქმა იმისა, თუ რა მოხდა 1937 წელს, ვიცი დედაჩემის მონაყოლიდან. ერთსა და იმავე დროს, ღამის 2 საათზე ვიღვიძებდი და ვითხოვდი მამის ნახვას. თურმე, მამაჩემი რედაქციიდან ბრუნდებოდა გვიან ღამით, რადგან გაზეთის რედაქტორი იყო და ეშინოდა, რამე შეცდომა არ გაპარულიყო. ასეთ დროს თურმე ყოველთვის მაღვიძებდა და მეფერებოდა. ეს იყო თურმე ჩემი პირველი აღქმა, ვითხოვდი ერთი თვის განმავლობაში, რომ მამა დამლაპარაკებოდა, რადგან ყოველ მოსვლაზე შოკოლადი მოჰქონდა ხოლმე... აი ეს იყო პირველი აღქმა...“

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 17.10.2023

    (audio)
    duration: 32:34
Full recordings are available only for logged users.

“ბერიას მკვლელის” შვილი

Guram Soselia, 2023
Guram Soselia, 2023
photo: Natáčení

გურამ სოსელია დაიბადა 1935 წლის 17 აგვისტოს, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. მამამისი, გრიგოლ სოსელია, გაზეთის რედაქტორი იყო, დედამისი - პედაგოგი. გურამი სულ რაღაც 2 წლის იყო, როცა მამამისი 1937 წლის 25 ოქტომბერს დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზებაში. ბინის გარეშე დარჩენილ ოჯახს საცხოვრებლის შეცვლა მუდმივად უწევდა, რადგან დედას რეგულარული სამსახურის მოძებნა ძალიან უჭირდა. 1958 წელს გურამ სოსელიამ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. ათწლეულების განმავლობაში იყო მეცნიერ-თანამშრომელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. მრავალწლიანი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. გურამ სოსელია ათწლეულების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მამამისისა და სხვა რეპრესირებული პირების ისტორიის კვლევაში. 1992 წლიდან იყო საქართველოს საზოგადოება „მემორიალის“ გამგეობის წევრი და თავმჯდომარე. მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურად რეპრესირებულთა სტატუსის განმსაზღვრელი კანონპროექტის შექმნაშიც, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა 1997 წელს მიიღო.