Nana Janelidze ნანა ჯანელიძე

* 1955

  • „საინტერესო იყო ერთი დეტალი, თუ როგორ იმუშავეს რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ფილმის გასაშვებად. ფილმს ვერ უყურებდნენ მოსკოვში, სანამ „დაპატიმრებული“ იყო. რეზო ჩხეიძე უნდა წასულიყო მოსკოვში და ლენინის ორდენი მიეღო ფილმისთვის „მშობლიურო ჩემო მიწავ“, სწორედ ამ ყუთებში ჩაალაგა „მონანიება“, დააწერა „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და წაიღო მოსკოვში. იქ პირდაპირ ელემ კლიმოვს მიუტანა კინოს სახლში, სადაც „დაპატიმრებულ“ ფილმებს უყურებდნენ. 5-კაციანმა კომისიამ შეაფასა ფილმი და კლიმოვმა თქვა, რომ საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დადებდა, რათა ეს ფილმი ეკრანზე გაეშვა. შემდეგ მიყვებოდა, თუ რამდენი კაბინეტი გაიარა, რომ ფილმი გადაერჩინა. საკავშირო ცეკას მდივანს უთხრა, რომ ამ ფილმის გაშვება იქნებოდა ნიშანი, რომ ცივი ომი დასრულდა და მსოფლიო რუკა იცვლებოდა. ყველაფერი გააკეთა, დადიოდა ცეკას მდივნების ცოლებთან, რომლებიც ფილმის შინაარსს ვერ იჯერებდნენ. მძიმე ფრთად მიგვაჩნდა ეგორ ლიგაჩოვი, მაგრამ ისიც რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა და მისთვისაც ფილმი პირადი ისტორია გამოვიდა. დიდი მოძრაობა შეიქმნა ამ ფილმის გადასარჩენად და ყველამ იმუშავა, რათა რომ ფილმს მწვანე გზა ჰქონოდა“.

  • „არ გვქონდა დისიდენტური ლიტერატურა, არ არსებობდა. მახსოვს, მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ოსიპ მანდელშტამის ცოლის, ნადეჟდა მანდელშტამის მოგონებებმა, რომელიც ეხებოდა ციხის გარეთ, ანუ საკონცენტრაციო ბანაკის გარეთ მშვიდობიან ცხოვრებას - თუ როგორც ცხოვრობდნენ კულტურის მოღვაწეები. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რა სტრესი ჰქონდათ, რა დევნას განიცდიდნენ. ეს იყო პირველი წიგნი. სოლჟენიცინი წაკითხული მქონდა, მაგრამ ამის შესახებ პირველი წიგნი იყო, თუ რა ხდებოდა თვითონ საბჭოთა კავშირში. როდესაც სცენარზე დავიწყეთ მუშაობა, მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მასალა ავთენტური, ქართული ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ ასეთი მასალა უამრავი იყო. ფაქტობრივად, ყოველი მეორე ოჯახი რეპრესირებული იყო. ისტორიების შეგროვება დავიწყეთ ცოცხალ მოწმეებში, რაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან რესპოდენტები ძირითადად ქალები იყვნენ, რომელთა ქმრებიც დახვრიტეს. ეს ქალები „ხალხის მტრის“ ცოლები იყვნენ და მათი უმრავლესობა თავადაც საკონცენტრაციო ბანაკში იყო გადასახლებული. ისინი გვიყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს, ამიტომ რაც ჩვენს ფილმში ხდება, არის უამრავი სხვადასხვა ისტორიიდან შეგროვებული სქემა“

  • „უცნაურად იყო შეთანხმებული და შეზავებული მასში ნამდვილი რწმენა კომუნისტური იდეების და ძალიან დიდი პატრიოტიზმი. მან ჩამოაყალიბა ჟურნალი „ცისკარი“; ასევე, მისი თაოსნობით შეიქმნა ჯანო კახიძის მიერ ჩამოყალიბებული ანსამბლი შვიდკაცა. გარდა ამისა, როცა 1956 წლის მძიმე ამბები განვითარდა, ის კომკავშირის ცეკას მდივანი იყო და შემდეგ ამ ბავშვების გამოხსნის ამბებს მიყვებოდა. ამბობდა, რომ ყველაფერი აბსურდული იყო, იმიტომ, რომ გამომძიებლებს, რომლებიც ამ პატარა ბავშვებს ჰკითხავდნენ, სტუდენტებს, რომლებიც გამოვიდნენ სტალინის დასაცავად, თვითონაც სტალინის სურათები ეკიდათ კედელზე. მან მაშინვე ამიხსნა, რომ ეს იყო პატარა ერის ეროვნული პროტესტი, როდესაც ხრუშჩოვმა გამოაცხადა, რომ სტალინი იყო უვიცი და მან რუკის კითხვაც არ იცოდა, რაც, ფაქტობრივად, იყო სტალინის კულტის მსხვრევა“

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 08.12.2023

    (audio)
    duration: 26:19
  • 2

    Tbilisi, 09.12.2023

    (audio)
    duration: 32:44
Full recordings are available only for logged users.

“მონანიების” სცენარისტი

Nana Janelidze, 2023
Nana Janelidze, 2023
photo: Natáčení

ნანა ჯანელიძე დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს, თბილისში. მამა იყო კომკავშირის მდივანი, რომელიც 1956 წლის მარტის ტრაგედიის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და აკადემიურ სფეროში განაგრძო მოღვაწეობა. დედა წარმატებული ქიმიკოსი და თავის სფეროში არაერთი უნიკალური გამოგონების ავტორი იყო. თავად ნანა კინორეჟისორი გახდა და 1984 წელს მონაწილეობა მიიღო თენგის აბულაძის გახმაურებული ანტისაბჭოთა ფილმის, „მონანიების“ გადაღებაში, სადაც სცენარის ავტორის როლი შეითავსა. საბოლოოდ, ფილმმა სინათლე 1986 წელს იხილა და კანის კინოფესტივალზე არაერთი ჯილდოც დაიმსახურა. ისეთი ფილმის გადაღება, როგორიც „მონანიებაა“ დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. ნანა ჯანელიძემ სცენარზე მუშაობის პროცესში ისტორიების შეგროვება ცოცხალი მოწმეებიდან დაიწყო, რომელთა უმრავლესობაც რეპრესირებულთა შვილები, ცოლები და დები იყვნენ, ნაწილი კი თავადაც რეპრესირებული იყო. მიუხედავად ფილმის წარმატებისა, ნანა ჯანელიძე და თენგიზ აბულაძე საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაპატიმრების შიშით ცხოვრობდნენ. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ნანა ჯანელიძემ კინოში მოღვაწეობა გააგრძელა და არაერთი დასამახსოვრებელი ფილმი შექმნა. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი „იარე, ლიზა“, რომელიც აფხაზეთის ომს ეხება, ქართულმა საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო. ნანა ჯანელიძე თვლის, რომ თავის კარიერაში არაფერს შეცვლიდა და იდეოლოგიური ჯაჭვებისგან გასათავისუფლებლად ისტორია უნდა იწერებოდეს.